ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის. პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ“.
„ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან.
რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ კიდევ ერთ ცრუ გარემოებას, თითქოს ეს კომუნიკაცია შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების. რეალურად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ - ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა „ტერორიზმი“ და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა „ტერორიზმი“ ნახსენები არსად არ არის.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას, გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში განიხილოს ნებისმიერი ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენებას იმგვარად, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელი არ შეეშალოთ საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში“, - განაცხადა პროკურორმა.