"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემაზე, ელექტრონულ აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის საწყისი ფასი 3380 ლარია, ვაჭრობის ბიჯი - 100 ლარი, საგარანტიო თანხა კი - 12 168 ლარი.
რაც შეეხება პირობებს, აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს. ამასთან, გამარჯვებულ კომპანიას მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლება 3 წლის ვადით მიენიჭება.
პირობების თანახმად, ოპერატორი ვალდებულია, ყოველთვიურად აეროპორტების გაერთიანებას გადაუხადოს მგზავრთა გადაყვანის უფლებით სარგებლობის ღირებულება.
ამასთან, არ დაიშვება 2015 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე, მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალებები. ყველა სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
პირობების თანახმად, ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ერთი ფერის. ოპერატორმა ისინი საკუთარი სახსრებით უნდა გააფორმოს ბრენდირებული სტიკერით.
რაც შეეხება მგზავრობის ფასს (გადასახადების ჩათვლით), ქუთაისის აეროპორტიდან და პირიქით, შემდეგი მიმართულებებზე არ უნდა აღემატებოდეს: თბილისი – 200 ლარს, ბათუმი – 120 ლარს, ქუთაისი – 30 ლარს.
„სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნული მართვის უფლება სულ მცირე ოთხი წლის განმავლობაში, მიღების მომენტიდან. მძღოლები უნდა ფლობდნენ ქართულ ენას. ასევე, სასურველია, საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა დაიცვან დადგენილი დრესკოდი და შემოსილი უნდა იყვნენ სუფთა და მოწესრიგებული (არასპორტული) სამოსით“, – აღნიშნულია აუქციონის პირობების ჩამონათვალში.
გარდა ამისა, მგზავრთა გადაყვანისთვის საჭიროა აუქციონში მონაწილეს საკუთრებაში ან დროებით კანონიერ მფლობელობაში/სარგებლობაში ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე, არანაკლებ 15 სატრანსპორტო საშუალება. მგზავრთა გადაყვანისთვის გამოიყენება მხოლოდ სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება.
„სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს არაუმეტეს 4 ადგილიანი და არანაკლებ 4 კარიანი, მითითებული ადგილების რაოდენობა გულისხმობს უშუალოდ მგზავრებისთვის გათვალისწინებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას. აკრძალულია არაქარხნული წესით დამონტაჟებული / ჩადგმული დასაჯდომი ადგილების გამოყენება“,-აღნიშნულია პირობებში.
ცნობისთვის, აუქციონი 27 აგვისტოს გამოცხადდა და 17 სექტემბერს დასრულდება.