დენის გადასახადი მოსახლეობას, სავარაუდოდ, არ გაუძვირდება. ცნობილია, რომ სემეკი ელექტროსისტემის გადაცემის ტარიფს გადახედავს, თუმცა ის სამომხმარებლო გადასახადზე არ აისახება. სემეკმა ეს ნაწილობრივ დაადასტურა. რაც შეეხება გაზის ტარიფს, ენერგეტიკოსებისა და ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ლარის კურსი ამ მხრივ გარკვეულ გავლენას მოახდენს და ტარიფის შეცვლა მოსალოდნელია.
როგორც სემეკში განმარტავენ, მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომ ტარიფს მარეგულირებელმა უნდა გადახედოს, თუ ელექტროსისტემის ან მის მიერ რეგულირებული სხვა სუბიექტების შემოსავლებში კლების, ან ზრდის მიმართულებით, წლიურ ჭრილში 10%-იანი ცვლილებაა.
ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ BM.GE -ს განუმარტა, რომ იწყებენ ადმინისტრაციულ წარმოებას, რომ მოხდეს მარეგულირებელი აუდიტი, ანუ დეტალურად გააანალიზდეს და შეისწავლონ ყველა ის კომპონენტი, რომელიც კორექტირებას მოითხოვს.
,,ანალიზის ფარგლებში გამოვლინდება მიზანშეწონილი, გონივრული დანახარჯი, რომელიც უნდა ყოფილიყო გაწეული, ანუ დადგინდება საბოლოო მაჩვენებლები და ის თუ დარჩა 10%–იანზე მაღალ მაჩვენებელში, საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. თუ საბოლოო აუდიტის შედეგად დადასტურდა ის, რომ მიზანშეწონილი გონივრული დანახარჯის ოდენობა საკორექტირო კომპონენტების ნაწილში აჭარბებს მთლიანი შემოსავლის 10%–ს, მაშინ პირველი იანვრიდან ახალი ტარიფი დადგინდება "სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის", – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება.
ასე ფიქრობენ ენერგეტიკოსებიც, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ გაზის სეგმენტში გადასახადის შენარჩუნების შანსი ძალიან მცირეა.
ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, ელექტროსისტემის გადაცემის ტარიფის განხილვისას მხედველობაში ექნებათ ისეთი კომპონენტები, რაც მომხმარებელს გადასახადს არ გაუძვირებს.
,,მესმის, ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა არის, მაგრამ ეს ფაქტორი ამ მხრივ ვერ მოახდენს გავლენას. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ სემეკს შეუმცირდა ტარიფის დასადგენი სეგმენტი - თავისუფალ ბაზარზე დიდი მომხმარებლები გასული არიან, ამიტომ შეძლებენ ტარიფი დაარეგულირონ ისე, რომ ამან კომუნალურ გადასახადზე არ იმოქმედოს. საბოლოო ჯამში ისე მიდის საქმე, რომ მოსახლეობას გადასახადი არ უნდა გაუძვირდეს. შესაძლოა, უმნიშვნელო ცვლილება მოხდეს, მაგრამ უშუალოდ განაწილებისა და გატარების კომპონენტებში. შარშან ამ დროს გაზის გადასახადი შეიცვალა, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ დაკორექტირდა, რომ მთლიანობაში სამომხმარებლო ტარიფი არ შეცვლილა", - ამბობს არაბიძე და აქვე დასძენს, რომ წელს არ არის გამორიცხული, ვითარება შეიცვალოს და გაზი მცირედით გაძვირდეს.
,,გაზის გამანაწილებელი კომპანიები ტარიფის ზრდას ითხოვენ. მათ წელს სამწლიანი ტარიფი უნდა დაუდგინონ. ჩემი აზრით, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ სოციალური გაზის შესასყიდ ფასში გარკვეული მანიპულაცია ჩაატაროს. თუმცა, თუ მაინც აიწყვიტა ლარმა, არ ვიცი როგორ განვითარდება პროცესები, ლარის კურსი 2,90-ის ფარგლებში ტარიფისთვის მეტ-ნაკლებად ასატანია", - აღნიშნა გია არაბიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
ენერგეტიკის ექსპერტი თემურ ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ კომპანიებს გადასახადის გაზრდის საჭიროება არ აქვთ.
,,რაც შეეძლოთ, ტარიფი ისედაც მაქსიმალურად არის გაზრდილი. არა მგონია, კურსის ცვალებადობამ ამჯერად გადასახადების გადახედვა გამოიწვიოს. ამ სიტუაციაში რეალურად არ მესახება, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ უდგათ. ტარიფის გაზრდა მოსახლეობისთვის და მრეწველობისთვისაც ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფო პოზიცია, არ მისცეს კომპანიებს ტარიფზე სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესს და გადასახადი გააძვირეს. ახლა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან. ლარის კურსი ყოველთვის ქმნის მოტივაციას კომპანიებში, რომ ტარიფი გაზარდონ. სამწუხაროდ, მთავრობას არასდროს დაუყენებია მოთხოვნა, რომ მოხდეს საბაზისო ტარიფის რევიზია, ეს არის მიზეზი, რომ კურსის გაუფასურებისას განაცხადი გააკეთონ, მაგრამ არც ერთხელ არ უცდიათ ტარიფის შემცირება, როცა ლარი მყარდებოდა. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. ახლა ლარი უფასურდება და მიზეზი არ დაელევათ, რომ ტარიფების გაზრდა მოითხოვონ”, - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.
ეკონომისტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაზის გადასახადი გაძვირდეს. ამასთან, საუბრობს იმაზეც, რომ ქვეყანაში სოციალური ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდება.
,,გაზის მოწოდებაში ძირითადი კომპონენტი არის ნედლეული. ლარის დევალვაციის გამო კომპანიებს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ, რადგან ნედლეული გაუძვირდათ. ლარის გაუფასურება ძირითადი მიზეზია, რის გამოც შესაძლოა გადასახადმა მოიმატოს. ცხადია ისიც, რომ ტარიფის ზრდა განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის იქნება რთული, რომელთაც არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის არსებული გადასახადის გადახდაც რთულია. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა საფეხურებრივი ტარიფის სქემის გამოყენება, რასაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ვიყენებთ. თუმცა, გაზი ისეთი სეგმენტია, რომ აქ ეკონომიის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ სოციალური მომენტის გათვალისწინება წარმოუდგენელი მეჩვენება. ცხადია, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს და ადრე თუ გვიან, ტარიფი გადაიხედებოდა, ახლა ამ რეალობის პირისპირ ვართ”, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"