ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის გარეთ მცხოვრები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წევრებისა და ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის შვილებისათვის ამერიკის მოქალაქეობის მიღებას ართულებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ცვლილება უპირველესად ამერიკის იმ ნატურალიზებული მოქალაქეების შვილებს შეეხებათ, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და რომლებსაც ამერიკაში საჭირო დროის განმავლობაში არ უცხოვრიათ. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება არ შეეხებათ მათ, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არიან დაბადებულები.
„ამერიკის საზღვრებს გარეთ დაბადებული ამერიკელების შვილები ავტომატურად მოქალაქეობას ვერარ მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები სახელმწიფო მოხელეები ან ამერიკის შეიარაღებული ძალების წევრები არიან, რომლებიც მსახურობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის პრესსპიკერმა.
მას შემდეგ, რაც ამერიკის სამსახურში მყოფი საზღვარგარეთ მცხოვრები მშობლების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მიღების უფლება ჩამოერთმევათ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში მათ მოქალაქეობა მიიღონ არის ის, რომ მშობლებმა მათ ნაცვლად განაცხადი შეიტანონ.
ცვლილება 29 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა