იცოდეთ, მოგების ალბათობის შესახებ! - დააზღვიეთ თქვენი შვილები აზარტული თამაშებისგან

მშობლებს, ხშირად აინტერესებთ, როგორ უნდა დავაზღვიოთ შვილები აზარტული თამაშებისგან?

ამისათვის, მნიშვნელოვანია, შვილებს დაეხმაროთ, ცნობიერება აიმაღლონ აზარტულ თამაშებზე და მოგების ალბათობაზე. ამისათვის, ჯერ თავად მშობლები უნდა ერკვეოდნენ აღნიშნულ საკითხში.

მარტივად რომ ვთქვათ, „მოგების ალბათობა“ არის ტერმინი, რომელიც აღწერს მოთამაშის გამარჯვების შანსებს იმ წუთებში, როდესაც იგი ფსონს ჩამოდის:

  • მოგების ალბათობა იგივე მოგების შანსია;
  • დამტკიცებულია, რომ ალბათობა ყოველთვის მოთამაშის წინააღმდეგაა;
  • სათამაშო ბიზნესს ყოველთვის უპირატესობა აქვს მოთამაშესთან შედარებით.

ყველა აზარტულ თამაშში, ალბათობა მოთამაშის წინააღმდეგაა. ეს ნიშნავს, რომ სათამაშო ბიზნესს, (კაზინო, ლატარეა, ონლაინ-თამაში და სხვა), მათემატიკის კანონების მიხედვით, მოგება ყოველთვის გარანტირებული აქვს. იმიტომაა ის “ბიზნესი”, და მოთამაშე კი - ამ ბიზნესის გამდიდრების საშუალება. ყოველ ერთ ადამიანზე, რომელიც ლატარეაში იგებს, მოდის მილიონობით ადამიანი, რომელიც ამ დროს აგებს.

რაც უფრო დიდხანს თამაშობთ აზარტულ თამაშებს, მით უფრო მეტია შანსი, რომ წააგებთ!

ძირითადად, ადამიანებს, რომელთაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები უვითარდებათ, სისტემის დამარცხების ფუჭი იმედი აქვთ და არ ესმით, რომ ალბათობა მათ წინააღმდეგაა და საბოლოო ჯამში, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ყოველთვის დამარცხებულები არიან.

დაიმახსოვრეთ:

ალბათობა იმისა, რომ მოიგოთ ჯეკპოტი არის 1/14,000,000 ანუ:

  • ალბათობა იმისა, რომ მეხი დაგეცეთ (1/56,439 თან) უფრო დიდია, ვიდრე, ჯეკპოტის მოგების შანსი. მეხის დაცემის შანსი 250-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე, ჯეკპოტის მოგებისა;
  • უფრო დიდი შანსია მოყვეთ ავარიაში, თუ გაივლით 16 კმ-ს ლატარიის ბილეთის საყიდლად, ვიდრე, მოიგოთ ჯეკპოტი ამავე ბილეთით;
  • წარმოიდგინეთ, დგახართ ფეხბურთის მოედანზე, თვალებახვეული ხელში წვრილი ნემსით. ამ დროს, თქვენმა მეგობარმა მოედანზე ჭიანჭველა გაუშვა. ალბათობა, რომ თვალებახვეულმა მოარტყათ ნემსი ჭიანჭველას, არის 14 მილიონში ერთი, ანუ, იგივე, რაც ლატარიის ჯეკპოტის მოგების შანსი;
  • სლოტებით და სათამაშო აპარატებზე თამაშით მოგების ალბათობა მერყეობს 4,096-დან 33,554,000-მდე.

მოდით, სხვაგვარად აღვწეროთ ჯეკპოტის მოგების ალბათობა:

  • წარმოიდგინეთ, ქალბატონი მზია ცხოვრობს კანადაში, კერძოდ, ქალაქ ონტარიოში. ონტარიოში 12.5 მილიონი ტელეფონის ნომერია დარეგისტრირებული. სცადეთ და გამოიცანით ქალბატონი მზიას ნომერი. ალბათობა იმისა, რომ დარეკვის პირველივე ცდაზე ქალბატონ მზიასთან მოხვდებით, უფრო მეტია, ვიდრე, ჯეკპოტის მოგების შანსი.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ადამიანებს მოგების ჟინი და სისტემის დამარცხების ფუჭი ილუზია, არამხოლოდ, წაგების, არამედ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის წინაშე აყენებს. ამიტომ, ენდეთ ზუსტ მეცნიერებებს, იცოდეთ ალბათობა, რისკები და დაეხმარეთ შვილებს, იცოდნენ მოგების ალბათობის შესახებ.