"ბანკებს, ბანკირებს, ყველაფრის უფლება აქვთ - მოსახლეობის გატყავების, გაუბედურების, მთავარია პოლიტიკას არ შეეხონ"

ბანკებს, ბანკირებს, ყველაფრის უფლება აქვთ - მოსახლეობის გატყავების, გაუბედურების, გაღატაკების. მთავარია პოლიტიკას არ შეეხონ,- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, „სანამ მამუკა ხაზარაძეს „კარგი ზურგი“ ჰქონდა, წინა პრემიერის და მინისტრების სახით, მანამდე მისთვისაც შეიძლებოდა კანონების დარღვევა და არავინ პასუხს არ სთხოვდა.

„დღეს ვართ რეალობაში, როდესაც საქართველო ხუთმა-ექვსმა ჯგუფმა გადაინაწილა, ჩვენ კი, ვუყურებთ ამ ჯგუფებს შორის გამართულ დავას იმის შესახებ, თუ ვის სად აქვს წილები, ვინ ვისი წილი სად წაიღო და ვინ ვის „კრიშავს“. ხუთნახევარ მილიონ ადამიანს რაც ყოფნიდა და აცხოვრებდა ნორმალურად, დღეს სწორედ ამ ჯგუფების ხელშია და ამაზე არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. არც კანონი მუშაობს ყველასთვის ერთნაირად. სანამ მამუკა ხაზარაძეს „კარგი ზურგი“ ჰქონდა, წინა პრემიერის და მინისტრების სახით, მანამდე მისთვისაც შეიძლებოდა კანონების დარღვევა და არავინ პასუხს არ სთხოვდა. ახლა, რა უნდა ვქნათ, დაველოდოთ „საქართველოს ბანკს“ როდის აღარ ეყოლება ასეთი კარგი მფარველი? ისე, „ლიბერთი“ ბანკთან მიმართებაშიც, რომელიც ჩვენს პენსიონერებს ატყავებს, ძალიან ბევრი კითხვაა.

მოკლედ, ბანკებს, ბანკირებს, ყველაფრის უფლება აქვთ - მოსახლეობის გატყავების, გაუბედურების, გაღატაკების. მთავარია პოლიტიკას არ შეეხონ“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, „ისიც ძალიან სასაცილოა, მამუკა ხაზარაძეში პატრიოტიზმმა მხოლოდ ახლა რომ გაიღვიძა“.

„ის მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეობით იყო დაკავებული. და ის, რომ ბინებს ჩუქნის ვიღაცებს, ვფიქრობ, ეს ახლა ცინიზმია, რადგან ჩემთან ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი, ვინც სწორედ მისი საქმიანობითაა დაზარალებული. თუნდაც იმ მიკროსაფინანსოებით და იმ მევახშური საქმიანობით, რასაც ზოგადად ბანკები ეწევიან ამდენი ხნის განმავლობაში. რაც შეეხება ახალგაზრდების გვერდით დაყენებას, ისინი პოლიტიკური ბრძოლისთვის კი არ უნდა გამოიყენო, ქვეყანაში ისეთი კლიმატი უნდა შექმნა, ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ ამ ახალგაზრდებს პოლიტიკაში გაქცევა კი არ უნდოდეთ, ქვეყნის აღმშენებლობა უნდა სურდეთ და ჰქონდეთ საშუალება, ქვეყანას და საკუთარ თავს ემსახურონ, საკუთარი მომავალი თავად შექმნან და არა – ვიღაცის დავალებით. სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, რომ ახალგაზრდები მარტო საარჩევნოდ, პოლიტიკური ბრძოლისას გვახსენდება, პლაკატების გასაკრავად და ჩამოსახსნელად. მოკლედ, პოლიტიკური ლიდერი რომ გახდე, ამისთვის პოლიტიკა უნდა იცოდე, რაზეც ხაზარაძეს არანაირი ცოდნა არ გააჩნია. ისე, ერთიც უნდა ითქვას. ამდენი ხანი თუ ასეთი გაუგებარი სესხი არსებობდა ქვეყანაში, სად იყო ამ დროს მთავარი რეგულატორი, ეროვნული ბანკი?! ეროვნული ბანკის წარმომადგენლები რატომ არავინ დაკითხა? ავთო წერეთელი კი, რომელსაც დღეს ედავებიან, ის არაფერ შუაშია. მას თანხა ასესხეს, ანუ, ეს ბანკის პრობლემაა და პასუხიც სწორედ ეროვნული ბანკის იმ წარმომადგენლებზეა მოსათხოვნი, რომლებიც დღეს ასე თავისუფლად დადიან“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.