მფრინავი ტაქსები მსოფლიოს დიდ ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება

დღეისათვის არაერთი კომპანია ცდილობს მომავლის საფრენი აპარატის შექმნას, რომელიც დიდ ქალაქებში გადაადგილებაში გარდამტეხ როლს ითამაშებს. მათ შექმნას კი ზოგჯერ ათწლეულები სჭირდება.

ერთ-ერთი ამგვარი გამორჩეული სატრანსპორტო საშუალება ვოლოკოპტერი იქნება, რომლით გადაადგილებას ადამიანები არა ათწლეულების შემდეგ, არამედ უკვე მომავალი წლიდან შეძლებენ.

საფრენი აპარატის ოფიციალური წარდგენა წელს ბერლინში Greentech-ის ტექნოლოგიურ ფესტივალზე მოხდა, სადაც მან სხვადასხვა სახის შემოწმება გაიარა და ის ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. აპარატის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვოლოკოპტერების ხილვა მომავალი წლიდან დუბაიში, სინგაპურსა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში იქნება შესაძლებელი.

ისინი აღნიშნავენ, რომ საფრენი აპარატის უპირატესობას მისი უსაფრთხოება, სისწრაფე და კომფორტულობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საფრენი აპარატი დრონის მსგავსად ბატარეებზე მუშაობს, რის გამოც ის გარემოში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს.

ამჟამად არსებულ მოდელს 2 ადამიანის გადაყვანა 27 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მის გაუმჯობესებულ ვერსიასაც შექმნიან.

ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვოლოკოპტერი არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ მდიდარი ადამიანებისათვის. მისი გამოყენება ნებისმიერს შეეძლება და გადასახადი ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობის საფასურს გაუტოლდება.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა