2019 წლის ივლისში წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1 პროცენტს გაუტოლდა.
როგორც ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, ეკონომიკური ზრდის ივლისის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია პირველი ორი კვარტლის ზრდის მაჩვენებლებზეც. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი ზეგავლენა იქონია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.7 %-ით გაიზარდა, და რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„2019 წლის ივლისში, დარგობრივ ჭრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა როგორც ტრადიციულად ვაჭრობაში, ასევე მშენებლობაში და რაც ნიშანდობლივია დამამუშავებელ მრეწველობაში ანუ ადგილობრივი წარმოების გამოშვების ზრდის კუთხით. 2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი მნიშვნელოვნად 17.5 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე. შესაბამისად, 2019 წლის იანვარ-ივლისში წმინდა ექსპორტის ზრდის ანუ იმპორტის ექსპორტით გადაფარვის შედეგად, სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 473.9 მლნ. აშშ. დოლარით, ხოლო დეფიციტის შემცირება მხოლოდ დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდაზე რადგან უფრო მეტი ფული რჩება ეკონომიკაში.
ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქონლის ექსპორტი საქართველოდან გაზრდილია, როგორც ტრადიციულ დსთ-ის ქვეყნებში 26.6 პროცენტით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში 20.6 პროცენტით. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 503.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. ივლისის თვეში მაღალი ეკონომიკური ზრდა ადასტურებს, წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდს და რომ არა 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც რუსეთის მხრიდან ავია ემბარგოში აისახა, ეკონომიკური ზრდა ივლისში სულ მცირე 6.5 % იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მხრიდან დღეს ბევრი რამ კეთდება ტურინდუსტრიის მხარდაჭერის კუთხით, რამაც მოსალოდნელი ზარალი შეამცირა, ჩვენ მაინც ვიმკით 20-21 ივნისის რევოლუციური სცენარიდან დამდგარ საგარეო შოკების ზეგავლენას ეკონომიკაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ივლისის თვეში წინასწარი შეფასებით ზრდა დაფიქსირდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვეში დაფიქსირებული წლიურ ზრდასთან შედარებით ის თითქმის 3-ჯერ ნაკლებია, რაც საგულისხმოა. ამ სახის ექსტრალეგალური შოკების ზეგავლენა ყოველთვის ნეგატიურ კვალს ტოვებს, რაც გასაგები მიზეზების გამო ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საექსპერტო ჯგუფებისათვის იყო რატომღაც გაუგებარი. თორემ, ნაკლები მგზავრი აეროპორტებში, რომ ნაკლებ ტურისტს ნიშნავს, ასევე ნაკლებ შემოსავალს ტურისტულ მომსახურებაში, თუ სხვა მასთან დაკავშირებულ სერვისებში, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და ნაკლები რყევები, ყველა პროგნოზით, უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, რაც არის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის უტყუარი წინაპირობა. ეკონომიკის ზრდაზე კი მხოლოდ პოზიტიურად აისახება თუნდაც აზიის განვითარების ბანკთან(ADB) ხელმოწერილი ახალი გრძელვადიანი სტრატეგია, რაც 2019-2023 წლებს მოიცავს, ხოლო საინვესტიციო თანხის მოცულობა 2 მლრდ დოლარამდეა. იგი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც დღემდე ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება“, - აცხადებს ცუცქირიძე.