2019 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკამ დააფიქსირა რეკორდული ზრდა - 6.1 პროცენტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
როგორც ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე აცხადებს, ეს მაჩვენებელი თითქმის ¼-ით აღემატება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს (4.9%). ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ივლისში წინა ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შეიქმნა თითქმის 60 მლნ ლარით მეტი დამატებული ღირებულება.
„კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ფისკალური მობილიზაციის მაჩვენებელი - იგი ივლისში წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 192 მლნ ლარით გაიზარდა და წელ პირველად გადააჭარბა მილიარდიან ზღვარს (1032 მლნ ლარი). აღნიშნული წარმატება ეფუძნება როგორც ეკონომიკის რეალურ ზრდას, ისე ფისკალური დისციპლინის განმტკიცებას. ეკონომიკური ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესები. ეკონომიკური ზრდა მოდიოდა დარგებზე, სადაც იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის 9/10 (დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, უძრავი ქონებით ოპერაციები და სხვ.).
თავისი წვლილი აღნიშნულ ზრდაში შეჰქონდა კომერციულ საბანკო სექტორსაც. - საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვებამ ივლისში დაახლოებით 170 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ბიზნესის სექტორის მთლიანი გამოშვების დაახლოებით 5.4 პროცენტია. ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ძირითადად ბიზნეს-სექტორის აქტიურობით. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედრებით გაიზარდა 16.7 პროცენტით. ეს მიმდინარე წლის საუკეთესო მაჩვენებელია და წლის დასაწყისის მაჩვენებელს 2.1-ჯერ აღემატება (2019 წ. იანვარი - 7.9%).
ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების დაახლოებით 89 პროცენტი უკვე მოქმედი საწარმოების მიერ წარმოების მასშტაბების გაფართოებაზე მოდიოდა, 11 პროცენტი კი - ბოლო ერთი წლის მანძილზე ახალი ბიზნეს-სუბიექტების ამოქმედების ხარჯზე იქნა მიღწეული. ასეთ სუბიექტთა რაოდენობა მხოლოდ ივლისში 4152 ერთეულით გაიზარდა, ანუ ივლისში საშუალოდ ყოველ საათში 6 ახალი ბიზნეს-სუბიექტი რეგისტრირდებოდა და იწყებდა სამეწარმეო საქმიანობას. უკვე მეორე თვეა, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ნაცვლად კლებულობს (ივნისი - მაისთან - -1.0%, ივლისი ივნისთან - 0.02%).
ამან საშუალება მოგვცა წლის დასაწყისიდან ინფლაციის ტემპი 2019 წლის მაისის 3.3 პროცენტიდან ივლისში 2.3 პროცენტამდე შემცირებულიყო. თუმცა, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით იგი კვლავ საგრძნობია (2019 წლის ივლისი 2018 წლის ივლისთან - 4.6%). ეკონომიკური ზრდა ქმნის საექსპორტო პოტენციალს. ექსპორტის ზრდამ წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ზრდას 2-ჯერ და მეტად აღემატება. ლარებში დენომინირებით, ექსპორტის წილად ქვეყნის მშპ-ის თითქმის ¼ მოდის. შედარებისათვის: 2012 წელს ექპორტის თანაფარდობა მშპ-სთან მხოლოდ 15 პროცენტი იყო. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არასრული 7 წლის მანძილზე ექსპორტის თანაფარდობა მშპ-სთან 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, - განაცხადა არჩვაძემ.