საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისიის შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამეცნიერო მისიის წევრებთან ერთად, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები განიხილა და მიღწეული შედეგები შეაფასა.
ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მეცნიერებს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა.
„მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგებისა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების შეფასებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები წარმატებულია და რეალური პროგრესიც სახეზეა. თუმცა, მეცნიერებთან ერთად ვთანხმდებით, რომ ღონისძიებები კვლავ უნდა გაგრძელდეს. სასურველი შედეგის მიღწევამდე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, თუმცა, ამ ეტაპზე, ძირითადი მიზანი - გადაგვერჩინა მოსავალი, ძირითად კულტურებში უკვე მიღწეულია. მნიშვნელოვანია, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საველე ღონისძიებები წლის ბოლომდე აქტიურად განხორციელდეს, რათა მომავალი სეზონისთვის მოსალოდნელი ზარალის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მათივე ინფორმაციით, მისიის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო შეიძლება გახდეს.
„საქართველოში, ჩვენ ადგილზე გავეცანით იმ საოცარ შედეგებს, რომელსაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან სახეზეა ჩვენი თანამშრომლობის შედეგი, ჩვენ ვნახეთ რეკორდულ დროში მიღწეული წარმატება. წელს, თხილის ხარისხი გაუმჯობესდა და შესაბამისად, მოიმატა მისმა ფასმა. ეს კი ადგილობრივი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესებში საქართველოს პარტნიორები ვართ“, - განაცხადა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა ბილ ლინგრენმა.
მათივე ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ერთკვირიანი სამეცნიერო მისიის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში ადგილზე გაეცნენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს, საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს თხილის ნარგავები და ფერმერებს შეხვდნენ.
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ვიზიტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.