გამარტივებული შესყიდვებისა და ტენდერების ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა

გამარტივებული შესყიდვებისა და ტენდერების ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა.

როგორც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იუწყებიან, ცვლილებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას წერილობით უთანხმებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს.

გარდა ამისა, სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის რეგისტრირებულ მომხმარებლებს ოფიციალური კორესპონდენცია გაუგზავნოს სისტემაში მათი ორგანიზაციის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც უნდა დადასტურდეს კორესპონდენციის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნის შესახებ შედგენილი აქტით.

"ახლებურად მოწესრიგდა შავი სიის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხის გადასაწყვეტად განისაზღვრა 2 თვიანი ვადა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. შავ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძვლად განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, ნაცვლად "არასრულად" შესრულებისა;

შემსყიდველ ორგანიზაციას სააგენტოში შეუძლია წარმოადგინოს შეტყობინება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დასარეგისტრირებლად იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო. შემსყიდველი ორგანიზაცია შავ სიასთან დაკავშირებულ შეტყობინებას აღარ დაურთავს იმ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში; შემცირდა გაფრთხილების მიღების ოდენობა, კერძოდ, შავ სიაში დარეგისტრირებამდე პრეტენდენტს/მიმწოდებელს ორი თვის ნაცვლად, შესაძლებელია მიეცეს მხოლოდ ერთი გაფრთხილება", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.