საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ნინოწმინდა“, 27-30 აგვისტოს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ხელბარგისა და სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 16 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. უწყების ცნობით, თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სომხეთის მოქალაქე გ.ჰ-ს ჩამოერთვა საქონელი, ავტოსატრასპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.