„ვენდისის“ შემოსავალმა 2017 წელს 16 872 882 ლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ცნობისთვის, სს ვენჯორჯია „(ვენდის) დაარსდა 2011 წლის იანვარში. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის 100%-იან მფლობელს ვისოლ ჰოლდინგ ბ.ვ. წარმოადგენს. კომპანიის ბენეფიციარ მფლობელები კი სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) არიან.
„ვენდისმა“ საოპერაციო საქმიანობა დაიწყო 2015 წელს. „ვენჯორჯია“ წარმოადგენს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბურგერებს, სასმელს, გაყინულ დესერტს და სხვა. კომპანია ოპერირებს ვენდის გლობალ რესტორნისგან (Wendy’s Global Restaurants) მიღებული ფრანშიზის უფლებით.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, ანგარიშგების თანახმად, 2016 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი გაზრდილია. კერძოდ, 2016 წლის მონაცემებით, „ვენდისის“ შემოსავალი 14 268 581 ლარი იყო.
ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, კომპანიის მიერ 2017 წელს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჯამში, 8 942 345 ლარი, ხელფასები და თანამშრომელთა სხვა სარგებელი კი - 3 299 424 იყო.
ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომპანიას მოგების გადასახადი არ გადაუხდია. ამასთან, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვენდისის“ საკუთრებაში 26 220 576 ლარის აქტივები იყო.