ქვეყანაში, სადაც მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა საკუთარ პრემიასა და დანამატზე, თურმე 30 მლნ ლარი არ არის, რომ რთველი დააფინანსონ და გლეხებმა შრომის შედეგი აიღონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი კახეთში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. დავით ბაქრაძესთან საუბარში მევენახეები ამბობენ, რომ ერთ კილოგრამ ყურძენში 40-50 თეთრს სთავაზობენ, მხოლოდ მოვლის ღირებულება კი, დაახლოებით 45 თეთრია. მათ უმრავლესობას ვენახის მოსავლელად ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული და საბანკო ვალდებულებების გარდა ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
„ეს არის ის, სადამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა და დაპირება, რომ დაეხმარებოდნენ სოფელს, არათუ არ შესრულდა, საერთოდ კატასტროფა ხდება დღეს სოფელში. უმძიმესი ვითარებაა. გლეხები მასობრივად საუბრობენ, რომ თუ ყურძნის ფასი იქნება 50-60 თეთრი, ისინი იძულებულები გახდებიან მომავალ წელს გაჩეხონ ვაზი. ეს არის დღეს არსებული რეალობა და კატეგორიულად მინდა მოვუწოდო დღევანდელ ხელისუფლებას - გამოძებნონ ბიუჯეტში თანხა! ჩვენ, როგორც ოპოზიცია, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ საბიუჯეტო ცვლილებას, რომ მოიძებნოს შესაბამისი თანხა, რათა კახეთში მოხდეს რთველის დახმარება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.