რთველის შტაბის ხელმძღვანელი - პოლიტიკოსებს ვთხოვ, თავი შეიკავონ რთველის პოლიტიზებისგან და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან

მინდა პოლიტიკოსებს ვთხოვო, თავი შეიკავონ რთველის პოლიტიზებისგან და რთველთან მიმართებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და რთველის შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითიც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ რთველთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რთველი არის სრულიად სამეურნეო პროცესი, ერთ-ერთი საუკეთესო ზეიმი, რის გარშემოც შეიძლება ქართველი ერი გაერთიანდეს.

„პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად და რთველის ხარჯზე ქულების დაწერის მცდელობა“, - განაცხადა რთველის შტაბის ხელმძღვანელმა.

ლევან მეხუზლას თქმით, ქვეყანაში რთველი იმ დონეზეა, რომ სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ მარეგულირებელი იყოს და არ ჩაერიოს ფასწარმოქმნაში, თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში. მისი თქმით, თუ ბაზარზე ჭარბი ყურძენი იქნება, ამ მხრივ რისკები დაცულია, რათა გატარდეს გარკვეული ღონისძიებები და ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

„მე მგონი, ამ დარგს უკვე აქვს უნარი, რომ სრულად შეინახოს თავისი თავი, ეს არის ჩვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოში ალბათ, არსებობს სხვა პრიორიტეტები და ისეთი დარგები, რომელიც ფეხზეა დასაყენებლი და სადაც უფრო უპრიანია თანხების ხარჯვა. ეს დარგი 2012-2013 წლიდან სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, მათ შორის, მარკეტინგული პროგრამების საშუალებით უკვე იმ დონეზეა, რომ ხელახლა სუბსიდირებით ჩარევა, ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელია“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმად, მევენახეებს 1 კილოგრამ ყურძენში 40-50 თეთრს სთავაზობენ.

„რაც შეეხება ყურძნის ფასს, პოლიტიკასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ რა ფასიც დასახელდა ყურძენზე, არის ტყუილი. დღესდღეობით ყველაზე მინიმალური ფასი დაფიქსირდა რქაწითელზე - ქარხნებს 80 თეთრი აქვს გადახდილი. ამასთან, დღეს დედოფლისწყაროში იხსნება ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც ყურძნის ჩაბარებას 70 თეთრიდან იწყებს“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე კახეთში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება, სადაც მან განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა პრემიასა და დანამატზე, 30 მლნ ლარი არ არის, რომ რთველი დააფინანსონ. „დავით ბაქრაძესთან საუბარში მევენახეები ამბობენ, რომ ერთ კილოგრამ ყურძენში 40-50 თეთრს სთავაზობენ, მხოლოდ მოვლის ღირებულება კი, დაახლოებით 45 თეთრია. მათ უმრავლესობას ვენახის მოსავლელად ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული და საბანკო ვალდებულებების გარდა ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.