ინტერნეტ ბანკინგით შვეიცარიელების მხოლოდ ნახევარი სარგებლობს

შვეიცარიის ეროვნული ბანკის (SNB) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტ ბანკინგით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი სარგებლობს. კვლევაში 34 ბანკი მონაწილეობდა. მის საფუძველზე, SNB ასკვნის, რომ ბანკებს გაციფრულების დასახული მიზნისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

SNB-მ გამოიკვლია ბანკებისადმი კლიენტების მიერ წარდგენილი განაცხადები, რომლებითაც ისინი ელექტრონული და მობილურ ბანკინგის ხელმისაწვდომობას ითხოვენ. კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტ და მობილურით ბანკინგი უფრო პოპულარულია, როცა კლიენტები გადასახადებს იხდიან, ან რამეს ყიდულობენ. ეს სერვისი ნაკლებად პოპულარულია უძრავი ქონების შეძენისას.

შვეიცარიული ბანკები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში, ფინანსური ტრანზაქციები სულ უფრო ხშირად შესრულდება ციფრული ტექნოლოგიებით. SNB-ს განმარტებით, ეს ბანკებს ხარჯების შემცირების და მომსახურების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

მაგრამ იმავდროულად, გაიზრდება რისკები, რომლებიც ბაზრის ახალი მოთამაშეებისგან კონკურენციას მოჰყვება. ასეთი მოთამაშეები არიან ტექნოლოგიური ფირმები და ონლაინ ბანკები. კონკურენციის ზრდა, მომხმარებლის ლოიალობის შემცირებას გამოიწვევს. ბანკები თვლიან, რომ უკეთესი სერვისის მისაღებად, მომავალში კლიენტები მხოლოდ ერთ ფინანსურ ინსტიტუციასთან ურთიერთობის ნაცვლად, მრავალ შუალედურ რგოლთან (როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სფეროებში მომუშავეებთან) ურთიერთობას დაიწყებენ.

რაც შეეხება მდიდართა მომსახურების სფეროს, რაც შვეიცარიული ბანკების ძირითადი ასპარეზია, აქ გაციფრულების ხარისხი ჯერაც დაბალია. ბანკების მონაცემებით, ამ სფეროს გაციფრულება 1 პროცენტის ფარგლებშია.