პოლონეთი მზადაა, რომ 2021 წლიდან უკრაინას 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს. საუბარია ამერიკულ გათხევადებულ გაზზე, რომლის რეექსპორტიც მოხდება პოლონეთიდან უკრაინაში. ამ დროისთვის კი პოლონეთის ხელისუფლება მზადაა უკრაინას 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს.
გაზის ტრანსპორტიორებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის დარჩენილია 110 კმ-იანი მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობა უკრაინის მხარეს, რათა მოხდეს მისი პოლონეთის ქსელთან დაკავშირება.
როგორც ცნობილია, პოლონეთში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით, „კიევი ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციასა და პოლონეთი-აშშ-უკრაინის სამკუთხედის ფარგლებში ენერგეტიკულ თანამშრომლობას უჭერს მხარს“.
პოლონეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ვარშავაში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რაც პოლონეთში ექსპორტზე გატანილი ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის კიევისთვის მიწოდებას ითვალისწინებს.