რა რეფორმებით დაამახსოვრა ბახტაძემ თავი საზოგადოებას და როგორი იყო მისი პრემიერობისას ეკონომიკური მაჩვენებლები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ ბახტაძე პრემიერობამდე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. კერძოდ, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე ის ფინანსთა სამინისტროს, ხოლო გასული წლის ივნისიდან მთლიანად სამთავრობო გუნდს ხელმძღვანელობდა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში მოსვლის დღიდან ბახტაძემ საზოგადოებას თავი რამდენიმე ინიციატივით დაამახსოვრა.

ვალების განულება

ბახტაძის პრემიერობას დროს განხორციელდა ე.წ. ვალების განულების პროგრამა. აღნიშნული ინიციატივა სწორედ პრემიერმა გააჟღერა, რომლის შედეგადაც საქართველოს 615 164 მოქალაქეს, რომლებიც ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების გამო ე.წ. შავ სიაში იმყოფებოდნენ, ვალი გაუნულდათ. ჯამური დავალიანების მოცულობა კი არსებული მონაცემებით, 4 104 429 484 ლარს შეადგენდა.

რეგულაციები საბანკო-საფინანსო სექტორში

ბახტაძეს ფინანსთა მინისტრობისას გაჟღერდა საბანკო-საფინანსო სექტორში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების შესახებაც. მათ შორის სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც 100%-ს შეადგენდა, 50%-მდე შემცირდა. ასევე ფინანსთა მინისტრობისას ბახტაძის ინიციატივით ამოქმედდა გარკვეული რეგულაციები ლომბარდებთან მიმართებითაც. მათ შორის, სალომბარდე საქმიანობაში სახლისა და ავტომანქანის გარანტიის სახით მიღება აიკრძალა.

სამინისტროების შემცირება

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა. შედეგად კი სამინისტროების რიცხვი 14-დან 11-მდე შემცირდა.

თუმცა, შეგახსენებთ, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერს დაიწყო, როდესაც სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება

2018 წლის 1-ელი ივლისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად არსებული 5%-სა. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდეა, ნაცვლად იქამდე არსებული 100 000 ლარისა.

რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანი კლება იყო უცხოურ ინვესტიციებში. კერძოდ, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია. მკვეთრად შემცირებული ინვესტიციები კი ხელისუფლების კრიტიკის ერთ-ერთ მიზეზად დღემდე რჩება.

ყველაზე მეტი კრიტიკა ბახტაძის და მისი გუნდის მისამართით ლარის კურსის გაუფასურების გამოც გამოითქმოდა. განსაკუთრებით მიმდინარე წელს, როდესაც ლარმა არსებობის ისტორიაში 2,91-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება მიმდინარე ზაფხულში 2.9718 ლარიც კი იყო. აღსანიშნავია, რომ მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნიდან მის პრემიერობამდე აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.72 – 2.39 ლარის ფარგლებში; მისი პრემიერ-მინისტრობისას 2.45-2.47 ლარის ფარგლებში იყო, დღეს კი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9457 ლარია.

თაია არდოტელი