თბილისის მერმა ქოშიგორას დასახლებაში ახლად რეაბილიტირებული შიდა გზები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
კახა კალაძის თქმით, დასახლება თანდათან ვითარდება და მნიშვნელოვანია, სხვა ინფრასტრუქტურული საკითხებიც მოგვარდეს.
„ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინაც ვიმყოფებოდით და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. დაახლოებით, ორ კილომეტრამდე გზის საფარი მოეწყო, რადგან მძიმე მდგომარეობის გამო, აქ ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. აღნიშნული დასახლება ვითარდება და საკმაოდ პრესტიჟული ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დავეხმაროთ. მათ შორის, მოსაგვარებელია წყალარინების ქსელის პრობლემა. ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა. პროექტის განხორციელებისთვის 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგებს, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.
რეაბილიტაციის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ამორტიზებულ საფარს, მოეწყო მიწის ვაკისი და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. გარდა ამისა, გასულ წელს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, ქოშიგორას დასახლებაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა დააგო.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.