ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის II კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26.6 %-ით გაიზარდა და 25.2 მლრდ ლარი შეადგინა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 19, 9 მლრდ ლარი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2019 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 11.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12.0 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.5 % - საშუალოზე, ხოლო 27.2% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.1%, საშუალოზე - 25.8 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 34.1%.
ამასთან, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის II კვარტალში 15.3 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9.2 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 39.5 %, მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 22.5%-ანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 10.0 %-იანი წილით, მშენებლობა - 7.4 %-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.6 %-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.9 %-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
გარდა ამისა, 2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.1 %) და მშენებლობა (18.0%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.4 %) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.8 %-ანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.7%-იანი წილი უჭირავს.