საქართველოსა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელები უკრაინელ კოლეგებს მასპინძლობენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმართა მხრიდან დელეგაციას უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ხომენკო ხელმძღვანელობს. ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის რეგიონში 26-30 აგვისტოს იმართება.

დღეს, ქართველი და უკრაინელი სამართალდამცველების სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

შეხვედრა გახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრო.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, უკრაინელი და ქართველი სამართალდამცველები ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგამოძიებო და ოპერატიული მუშაობის პრაქტიკულ საკითხებზე, ასევე, დანაშაულის გამოვლენის პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქართველი სამართალდამცველები კოლეგებს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას, გააცნობენ განხორციელებულ რეფორმებს და იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში დაინერგა. უკრაინის დელეგაციის წევრებმა უკვე დაათვალიერეს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების აჭარის რეგიონული ოფისები. სტუმრები ასევე ეწვევიან ბათუმის პორტს, იუსტიციის სახლსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონას.