„ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება“ - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას.
„ბიზნესპრესნიუსი“ წერეთლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჯერ იყო კიბერშეტევით „ტვ პირველის“ ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!,“- წერს წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „პირველი“ ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23 513.21 ლარით დააჯარიმა.
კომისიის ცნობით, 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია.