საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები საერთაშორისო მედიის ყურადღების არეალში მოექცა.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომისა და ამ პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენის თემას „ევრონიუსი“, „ბი ბი სი“, „როიტერსი“ და სხვა უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან.
„გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა იმ კრიზისის გამო, რომელიც მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან. პოლიციას და სპეცრაზმს ბრალი დასდეს დემონსტრანტების დარბევასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში. გახარიას გადადგომა საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო“, - წერს „ევრონიუსი“.
მამუკა ბახტაძის გადადგომაზე საუბრისას „ბი ბი სის“ რუსულენოვანი სამსახური კი იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ბოლო დროის წარმატებულ რეფორმებსა და ტენდენციებზე, მაგრამ საკუთარი გადადგომის მიზეზებს ლაკონურად შეეხო.
„გიორგი გახარიას კი, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი პრემიერი იქნება, ძნელია ვუწოდოთ პოპულარული პოლიტიკოსი - ამ ზაფხულში მის გადადგომას ათასობით მომიტინგე ითხოვდა. მას ბრალდება ძალის გადამეტება 21 ივნისის აქციის დაშლისას. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები. საავადმყოფოში აღმოჩნდა დაახლოებით 200 დაშავებული ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორ მომიტინგეს კი რეზინის ტყვიებით თვალი გამოთხარეს“, - წერს „ბი ბი სი“ და იქვე მოჰყავს გახარიას ბიოგრაფიაც რუსეთის მოქალაქეობის ქონის პერიოდის ჩათვლით.