Huawei აშშ-ს ხელისუფლებას კომპანიის საქმიანობაში ხელი შეშლაში ადანაშაულებს

Huawei-მ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მათ ხელთ არსებული ყველა ხერხის გამოყენებაში დაადანაშაულა, რათა კომპანიის საქმიანობას ხელი შეუშალოს.

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნა, რომ აშშ-მა კომპანიის წინააღმდეგ კიბერ-თავდასხმა განახორციელა, რათა მის ქსელში შეეღწია და ამასთანავე, ემუქრებოდა მის თანამშრომლებს.

კომპანიას, რომელიც მიმდინარე წელს ამერიკის სავაჭრო შავ სიაში აღმოჩნდა, საზოგადოებისთვის ბრალდებების დასამტკიცებლად არანაირი სახის მტკიცებულება არ წარუდგენია.

Huawei ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო განხეთქილების ცენტრში აღმოჩნდა. გავრცელებულ პრესრელიზში კომპანია ირწმუნება, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უკანონოდ აპატიმრებს მის თანამშრომლებს, განახორციელა კიბერ-თავდასხმა კომპანიაზე მის ქსელში შეღწევისა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ამასთანავე, კომპანიის მტკიცებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები თანამშრომლების სახლში მივიდნენ და ინფორმაციის მოპოვების მიზნით მათზე ზეწოლა განახორციელეს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინასწარ შეთანხმებულ ბოროტ განზრახვას, მოახდინოს Huawei-ს დისკრედიტირება და ლიდერის პოზიციაზე მის ყოფნას ხელი შეუშალოს“- აცხადებენ კომპანიაში.

თავად ოფიციალურ ვაშინგტონს ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა