თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, 59 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 59 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის ​სოფელ ოქროყანაში მცხოვრები 30 ოჯახი, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ ამას; ​მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრები 23 ოჯახი; ​ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრები 6 ოჯახი. მათ 1 ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა კალაძემ.

მანვე ისაუბრა დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემის შესახებ და აღნიშნა, რომ ბინების დაკანონების პროექტი მნიშვნელოვანია.

„ბინების დაკანონება, ვფიქრობთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, სადაც 20-25 თუ მეტი წელი ცხოვრობენ, იყოს მათი საკუთრება და დაიკანონონ. ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ ამ პროექტით, ესეც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და რა თქმა უნდა, ვასრულებთ ჩვენს დაპირებას. ეს პროექტი გრძელდება. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი და ოჯახი“, - განაცხადა კალაძემ.