ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ნიკოლოზ ალავიძემ და ეკატერინე მიქაბაძემ თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებული სტარტაპერების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.
დაჯილდოების ცერემონია ოფიციალურად გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. სტარტაპერებს ასევე სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.
უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ იყო დაკომპლექტებული.
ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის, ასევე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის და სტიმულირების მიმართულებით.
„საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა, შესაბამისად, ამ მასშტაბის პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და ციფრული, ტექნოლოგიური პროგრესისთვის, ამ მიმართულებით თანამედროვე ტრენდების დანერგვის კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საუკეთესო და უკვე ძალიან პოპულარული ინსტრუმენტია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ამ სექტორში მუშაობის გამოცდილება სჭირდებათ, მათი პროფესიული ზრდისთვის, ასევე საერთაშორისო ტრენდების შესახებ ინფორმაციის პირველი პირებისგან მისაღებად და კონტაქტების დასამყარებლად.
„თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.