სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, რაც ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, როდესაც მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი დაიდება და სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორი გაუმჯობესებას აჩვენებს, ლარის კურსს გამყარების ტენდენცია ექნება.
გვენეტაძის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების ბერკეტს გამოიყენებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსის გაუფასურების კვალდაკვალ, მცირდება იმპორტზე მოთხოვნა. ამის შედეგად სავაჭრო ბალანსი უფრო მეტად უმჯობესდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. გარკვეულწილად ეს აბალანსებს ტურიზმის შემოსავლებში იმ დანაკლისს, რომელიც ქვეყანას ექნება. ზოგადად, გაცვლით კურსზე გავლენას ჯამურად სავაჭრო ბალანსი ახდენს და არა მისი ერთი რომელიმე კომპონენტი. რადგანაც ვიცით, რომ ჯამურად სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე.
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს. როდესაც დავინახავთ, რომ ჩვენს ინტერვენციას ექნება პოზიტიური გავლენა კურსის მოკლე და საშუალოვადიან დინამიკაზე, ინტერვენციების ინსტრუმენტს შესაბამისად გამოვიყენებთ.
რა თქმა უნდა, მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ის მოკლევადიან პერიოდში ახდენს გავლენას. მაგრამ მაშინ, როდესაც დაიდება მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი და როდესაც უფრო ცხადი იქნება ეკონომიკური მაჩვენებლები, გაუფასურებული კურსი ისევ შემობრუნდება და მას გამყარების ტენდენცია ექნება. ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც მოლოდინები თამაშობს გარკვეულ როლს, მაგრამ როდესაც სხვადასხვა ინდიკატორი გაუმჯობესებას აჩვენებს, ეს პოზიტიურად იმოქმედებს გაცვლითი კურსის დინამიკაზე,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.