სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შპს „ალადაშვილის სახელობის კლინიკასა“ და შპს „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში“ სანებართვო პირობების დარღვევები გამოავლინა.
უწყებამ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.
„მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ორივე კლინიკაში სანებართო პირობების ზოგიერთი მოთხოვნის დაღვევა. კონკრეტულად ვერ მოგცემთ ინფორმაციას, რადგან ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ორივე დაწესებულება ფლობს სტაციონარული საქმიანობის ნებართვას და სანებართვო მოწმობის დანართებს იმ საქმიანობებში, რასაც ახორციელებენ, მაგრამ მთავრობის დადგენილებებში არის გაწერილი რიგი მოთხოვნები, რომლებიც სააგენტოს მიერ მოწმდება, როგორც გეგმურად, ისე განმცხადებლის მომართვის საფუძველზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემოწმება დაიწყო განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. სასამართლოს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სამართალდარღვევის თაობაზე და საქალაქო სასმართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. თუ სასამართლო გადაწყვეტს, შესაბამისი ფინანსური სანქციები ამოქმედდება ამ დაწესებულებების მიმართ, “ - განაცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ინგა პაიჭაძემ.