ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით დღეისათვის საზოგადოების ცნობიერება დაბალია. ამიტომ, მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი მიზანი სადაზღვევო კულტურის განვითარებაა. ამის შესახებ ტიკარაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს დაბალია ცნობიერება ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან და მის სარგებლიანობასთან მიმართებით. ჩვენი მიზანია განვავითაროთ ასევე სადაზღვევო კულტურა. სავალდებულო დაზღვევა მოსახლეობას საშუალებას მისცემს კერძო დაზღვევის მინიმალური სატარიფო გადასახადით დაფაროს ის დანახარჯი, რასაც არ ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსება. ამავდროულად დაზღვეულ მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს როგორც ოჯახის ექიმის, ასევე სამედიცინო დაწესებულების არჩევანის გაკეთების თავისუფლება. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სადაზღვევო და ასევე, ჯანდაცვის სექტორში. აღნიშნულ რეფორმას აქვს ერთი მთავარი მიზანი - ჩვენ უნდა დავრჩეთ პაციენტებზე ორიენტირებულნი და ჩვენი პოლიტიკა იქნება აუცილებლად პაციენტზე ორიენტირებული, მისთვის შესაბამისი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიწოდების მიზნით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.