„რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესული განვითარებისა და ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უპრეცედენტოა"

„რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესული განვითარებისა და ანაზღაურების მიმართულებით გადადგმულინ ნაბიჯები უპრეცედენტოა“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან გუნდს მადლობა გადაუხადა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისთვის, რომლებიც განათლების რეფორმას უწყობს ხელს და დეპუტატებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ყველა სკოლა იწყება მასწავლებლით და სწორედ მათზეა დამოკიდებული რეფორმების განხორციელება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის ეროვნული იდეა - განათლება, რომელიც უკვე გადაიქცა საქმედ და რომელზეც 2022 წლიდან ბიუჯეტის მეოთხედი დაიხარჯება. ის პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებენ 2 წლის ჯამურ ხელფასს და შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

„რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესული განვითარებისა და ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უპრეცედენტოა. ამ რეფორმით პირველ ეტაპზე 6 000-ზე მეტმა მასწავლებელმა ისარგებლა. გარდა ამისა, 2019 წლის ბოლომდე მასწავლებლებს აქვთ კომპეტენციის გამოცდის გამეორების ან/და ჯილდოს მიღებაზე რეგისტრირების შესაძლებლობა. რეფორმის ფარგლებში, მასწავლებლთა ხელფასის ზრდა მართლაც ისტორიული მოვლენაა. 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლებლები მიიღებენ 1011 ლარს; წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს; მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს. აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის უფროს მასწავლებელს ანაზღაურება ექნება 1700 ლარი; წამყვან მასწავლებელს - 2135 ლარი; მენტორ მასწავლებელს - 2445 ლარი. პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს - საშუალოდ 20%-ით. ასევე, 1 სექტემბრიდან რესურს ცენტრების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ხელფასები საშუალოდ 200 ლარით გაეზრდებათ”, - განაცხადა ბატიაშვილმა.