ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ფასების ზრდის ტემპი მატულობს. ოფიციალურ დონეზეც კი ინფლაცია იმდენად მაღალია, რომ წლის ბოლომდე 7-8%-ს თავისუფლად მიაღწევს. წლის ყველაზე იაფ თვეში - აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელმა საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა. თუკი ასე გაგრძელდა, დეკემბერში ინფლაცია 7-8%-ს მიაღწევს, თუმცა არაოფიციალურად მან ამ ნიშნულს უკვე გადააჭარბა კიდეც.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოფიციალურ ციფრებში ასახული ინფლაცია ხრავს ქვეყანას, ფასები იმდენად სწრაფად მატულობს, რომ ამ პროცესის დაბალანსება უკვე შეუძლებელია. ლარის მაღალი კურსისა და რუსეთის მიერ დაწესებული ,,ტურისტული ემბარგოს" პირობებში ინფლაციის კონტროლი უდიდეს ძალისხმევად მოითხოვს. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლოს 7-8%-ს მიაღწევს, რასაც სპეციალისტები მთლიანად ეთანხმებიან.
სტატისტიკოს გივი მომცელიძის თქმით, კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებული ვითარება რეალურად მძიმეა და არ არის გამორიცხული, რომ ნოემბერ-დეკემბერში მან, სულ მცირე, 7% შეადგინოს.
,,დღევანდელ სიტუაციაში ძალიან რთულია გაცვლითი კურსის პროგნოზირება. რასაკვირველია, რთული მდგომარეობაა. კურსი თითქმის 3,0-იან ნიშნულთანაა ახლაც, რაც პანიკის საფუძველზე მოხდა. ინფლაციას, კურსთან ერთად, სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს. ჯერჯერობით 4,9%-ია, ველოდებით, რომ მომავალშიც გაიზრდება. ინფლაციაზე გარკვეული გავლენა მოახდინა რუსეთის მიერ დაწესებულმა ემბარგომაც.
ვერ ვიტყვი, რომ ლარი მაინც და მაინც რუსეთის გადაწყვეტილებების შესაბამისად იცვლება, მაგრამ ამ პროცესმა მასზე ძალიან უარყოფით გავლენას მოახდინა. სასურველია რეგულაციების შერბილება, გარკვეული გადასახადების კლება და ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება სსიპ-აიპებიანად, რაც ისედაც მძიმე ტვირთად გვაწევს. ეს კომპლექსური საკითხები უნდა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში, მუდმივად პანიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით", - ამბობს "რეზონანსთან" გივი მომცელიძე.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ მასშტაბური ზრდა არ გვექნება და თუმცა ინფლაცია არსებულ დონეს გადააჭარბებს. ასე ფიქრობს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია, რომლის შეფასებითაც, არაოფიციალურ დონეზე ინფლაცია 7-8%-ს ისედაც აღწევს და მსოახლეობის მსყიდვით უნარზე უარყოფითად აისახება.
,,ინფლაცია საკმაოდ მაღალ დონეზეა, თუმცა არ მგონია, რომ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწევს. სამწუხარო ისაა, რომ ყველაზე მეტად ფასები სურსათის ჯგუფშია გაზრდილი. ინფლაცია ძირითადი მოხმარების პროდუქტების ინდექსით რომ დგინდებოდეს, ძალიან მაღალ მაჩვენებლს მიაღწევდა. ტრადიციულად ,,საქსტატი" ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფს ,,მაშველად" იყენებს, რადგან ამ მიმართულებით მუდმივად დეფლაციაა.
ჯანდაცვის კუთხითაც ტარიფები გაზრდილია, ასევე საწვავის ფასიც და მომსახურების სხვადასხვა დარგში ყველგან მატებაა. წლების მიხედვით, დინამიკაში ინფლაციას თუ მიმოვიხილავთ, დავინახავთ, რომ ამ პროცესის პარალელურად მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობა მნიშვნელოვნად იკლებს.
წინასწარ რთულია თქმა, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება და ინფლაცია აუცილებლად გაიზრდება. 9%-იანი ინფლაცია ნამდვილად საეჭვოა, მაგრამ 7-8%-ს მიაღწევს, არაოფიციალურად ინფლაცია უკვე არის კიდეც ამ დონეზე. ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, უკიდურესად მძიმე სიტუაციას შექმნის, თან, წინ საარჩევნო წელიწადია და ინფლაციის მოთოკვა როგორმე უნდა შეძლონ", - ამბობს "რეზონანსთან" ეკონომისტი.
"საქსტატის" მონაცემებით, ბოლო პერიოდში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.38 პროცენტული პუნქტით აისახა. თვალშისაცემად გაძვირდა ხილი და ყურძენი (18.2 პროცენტი), თევზეული (16.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.7 პროცენტი).
ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი გაიზარდა 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"