რამ გამოიწვია ტყემლებსა და საწებლებში არასაკვები საღებავების აღმოჩენა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია.

ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრმა გასულ თვეში შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოაჩინა. კერძოდ, არასაკვები საღებავი შემდეგ პროდუქტებში აღმოჩნდა:

  • შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური;
  • შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელი ტყემალი;
  • შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo;
  • შპს „ეს“ - ეს აჯიკა;
  • შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე;
  • თეთნულდი - მშრალი აჯიკა.

ახლა კი ორგანიზაციის ცნობით, დაბინძურების სავარაუდო წყაროდ მიჩნეულ წითელი წიწაკის ნიმუშებს აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს.

„ჩვენ მიერ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავების აღმოჩენის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო.

დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს.

ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს სააგენტო დამატებით გვაცნობებს,“ - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

თაია არდოტელი