კახეთში, ამ დროისთვის 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კახეთის რეგიონში 10 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 3,6 ათას ტონამდე საფერავია, 2,4 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში 160 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

სამინისტროს ცნობით, რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმრო ,,ღვინის სასტუმრო თელავში“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.