ბრიტანული ავიაკომპანიის EasyJet-ის რეისი, რომელიც მანჩესტერიდან ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მიფრინავდა, მფრინავის დაგვიანების გამო შეყოვნდა. მის ნაცვლად შტურვალს ერთ-ერთი მგზავრი მიუჯდა, რომელიც EasyJet-ის კვალიფიციური მფრინავი აღმოჩნდა და შვებულებაში გაფრენას გეგმავდა. აღნიშნულ ინფორმაციას Manchester Evening News ავრცელებს.
მაიკლ ბრედლი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად შვებულებაში ალიკანტეში მიფრინავდა, თუმცა მისი რეისი ორი საათით შეაყოვნეს. აფრენის წინ ბრედლი მგზავრებთან გამოვიდა და განუმარტა, რომ ჯერ კიდევ აეროპორტში პროცედურების გავლისას მან გაიგო რეისის შეყოვნების შესახებ, ამიტომ კომპანია EasyJet-ში დარეკა და თავისი მომსახურება შესთავაზა - მფრინავის ლიცენზია და სხვა საჭირო დოკუმენტები მას თან ჰქონდა.
ბრედლის თქმით, მას 38 წამის შემდეგ გადაურეკეს და სთხოვეს ალიკანტემდე შტურვალთან დამჯდარიყო. ავიაკომპანიაში კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბრედლი შტურვალთან მხოლოდ სათანადო შემოწმების შემდეგ მიუშვეს.
თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას წარმატებით დაეშვა.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა