გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ჩანიშნა სამიტი, რომლის ფარგლებშიც ქარის ენერგიის სექტორის შენელებულ ტემპს განიხილავენ. აღნიშნული პრობლემა კლიმატთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებას უშლის ხელს. როგორც უცხოური გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ქარის ენერგიის სექტორში პრობლემები არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობის ზრდამ გამოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, ბერლინის დასავლეთით, პატარა ნოიენიდან 50 კილომეტრში 200 ქარის ტურბინაა განთავსებული. აღნიშნული ქარის ელექტროსადგური გერმანიაში ყველაზე ძველი და მსხვილი განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც 20 000 ადამიანზე გათვლილ 48 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ზაფხულის ბოლო დღეების განმავლობაში ორი უმსხვილესი ელექტროსადგური, რომელიც 200 ქარის ტურბინას მოიცავს, მოულოდნელად, შემხვედრი ქარის პრობლემის წინაშე დადგა.
„თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სანამ ქარის ტურბინების ინფრასტრუქტურიდან წამოსული გამონაბოლქვის ადამიანზე ზემოქმედება შესწავლილი არ არის, ისინი ქარის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგები არიან.
როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი ფოლკმარ რიხტერი მხარდამჭერებთან ერთად დამატებით 15 ქარის ტურბინის მონტაჟის წინააღმდეგ იბრძვის. საპროტესტო მოძრაობის წევრებმა სამართლებრივი დავის დაწყებაც კი დაანონსეს, რადგან მათი თქმით, ქარის ტურბინების მონტაჟი სოფლიდან 600 მეტრში იგეგმება.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიაში ქარის ენერგიის საწინააღმდეგო განწყობები ბოლო რამდენიმე წელია, გააქტიურდა.
2019 წელის პირველ ნახევარში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 290 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების ინსტალაცია განხორციელდა, 2018 წელს კი 2,800 მეგავატის. 2017 წელს გერმანიამ 5,000 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურები შექმნა.
„ქარის ენერგიის სექტორში კატასტროფული ვითარებაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო აქტიური მშენებლობის პროცესის წინაშე აღმოვჩნდით, მაშინ, როცა გერმანიის მთავრობა პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხარს უჭერს“, - განაცხადა გერმანიის განახლებადი ენერგიების ასოციაციის წარმომადგენელმა.
გერმანიის მთავრობის გრძელვადიანი გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის, გერმანიის ელექტროსისტემაში 65% განახლებადი ენერგიის წილი უნდა იყოს. დღეს ეს წილი 44%-ს შეადგენს. ქარის ენერგია, რომელიც მომავალში, გერმანიის განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ არის მიჩნეული, 2019 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის წარმოების მეოთხედს მოიცავს. მზის ენერგია კი ელექტროსისტემაში მხოლოდ 10%-ით არის წარმოდგენილი. ბოლო კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის გერმანიას ელექტროსისტემაში ქარის ენერგიის სამი მეოთხედი დასჭირდება.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა