„საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების შემცირების მიზნით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საპოლიციო თანამშრომლობა გაგრძელდება,” - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ორმხრივი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა გაძლიერდება.
„გაღრმავდება საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეფორმების ეფექტიანი განხორციელების პროცესში. გაძლიერდება ორმხრივი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით. გარდა ამისა, საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე მიგრაციის ეფექტიანი მართვა და რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება”, - განაცხადა გომელაურმა.
დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.
ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.