ეროვნულ ბანკში 172,7 მლნ ლარის საპენსიო დანაზოგია განთავსებული

ეროვნულ ბანკში განთავსებულ საპენსიო დანაზოგებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღიურად უკვე 31 ათას ლარზე მეტი სარგებელი ერიცხება. ინფორმაცია ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

2019 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს მიერ ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე კი მთლიანად 172 772 567 ლარია მობილიზებული.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის შესაბამისია და ამ დროისთვის 7 პროცენტს შეადგენს. თანხების შესაბამისად, მატულობს მათზე დასარიცხი სარგებელი და 4 სექტემბრის მდგომარეობით 31 380 ლარს შეადგენს. ჯამურად გამომუშავებული ამონაგები კი საანგარიშო პერიოდისთვის 3 470 409 ლარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.