საქართველო დიდ ბრიტანეთთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თურნავამ უწყების სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს.
ამასთან, თურნავამ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა ადგილობრივი წარმოების, პირველ რიგში, საექსპორტო წარმოების წახალისებაა.
„თუ ჩვენ დავაკვირდებით სტატისტიკას, ექსპორტი უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ მდგენელად, ერთ-ერთ გამწევ ძალად. ექსპორტის ზრდის მიმართულებით ჩვენ საგრძნობი პროგრესი გვაქვს. მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტი. 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4% პროცენტით და გადააჭარბა ორ მილიარდ დოლარს. საქართველო ასევე ლიდერია ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჯამში, ეს 2.3 მილიარდი მომხმარებელია და საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, ჩვენი სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას ინდოეთთან და „ბრექსითიდან“ გამომდინარე, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ბაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ ამ პროცესში წინ წავიწიეთ. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ყურის არაბულ ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და გაფართოვების მიზნით, აშშ-ის ახალ ადამინისტრაციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.