ინტერნეტში „ფეისბუქის“ ასობით მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომრების უმსხვილესი მონაცემთა ბაზა გავრცელდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ, კომპანიამ გასულ ოთხშაბათს დაადასტურა.
Guardian-ი იუწყება, რომ ონლაინ სერვერზე 419 მილიონი “ფეისბუქ“ ID და ტელეფონის ნომრები იყო შენახული. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში აშშ-დან 133 მილიონი მომხმარებლის ჩანაწერი, ბრიტანეთიდან და ვიეტნამიდან კი 50-50 მილიონი მომხმარებლის ჩანაწერი მოხვდა.
მას შემდეგ, რაც გამოცემა TechCrunch-მა მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და გვერდის ადმინისტრაციას მიმართა, მომხმარებლების პირადი მონაცემები ინტერნეტ-სივრციდან მაშინვე გაქრა.
„ფეისბუქის“ განცხადებით, ისინი მომხდარს იძიებენ. კომპანიის სპიკერმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში 210 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია გამოქვეყნდა, რადგან 419 მილიონი ჩანაწერი მხოლოდ დუპლიკატს წარმოადგენდა.
Guardian იუწყება, რომ ტელეფონის ნომრების შესახებ ჩანაწერები, სავარაუდოდ, 2018 წლის აპრილში „ფეისბუქსა“ და Cambridge Analytica-ს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს შეგროვდა.
უფრო კონკრეტულად, „ფეისბუქს“ ბრალად სდებდნენ, რომ მისი ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემები მათზე ინფორმაციის შესაგროვებლად და პოლიტიკური პროცესების მანიპულაციებისთვის გამოიყენეს.
სკანდალმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღო და „ფეისბუქის“ დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს აშშ-ს კონგრესის წინაშე შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია.
„ფეისბუქსა“ და ბრიტანულ ფირმას „კემბრიჯ ანალისტიკსს“ ბრალად სდებდნენ 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა