ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები უფრო ხელშესახები გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ მოსმენაზე განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ბიზნესს პირველ რიგში, სჭირდება სტაბილური გარემო და სამართლიანი თამაშის წესები.
„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებულია კერძო ინიციატივაზე, კერძო ბიზნესის დომინირებასა და მისი თავისუფლების პატივისცემაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, პირველ რიგში, მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ და რა თქმა უნდა, უკვე ამის ფონზე, სიღარიბის დაძლევისკენ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები უფრო მეტად ხელშესახები გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის,“ - განაცხადა თურნავამ.