ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ასევე, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
როგორც მან აღნიშნა, 1-ლი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები. მისი თქმით, ასევე, მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.
„ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.