"რეზონანსი" - ერთ თვეში მანქანების ტექდათვალიერების პირობები შეიცვლება და გამკაცრდება

ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ცვლილება კანონმდებლობაში სექტემბრის ბოლოს შევა და მთლიანად ევროდირექტივებს დაეფუძნება. ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილები, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც გამკაცრდება. ე.წ. "დაშპაკლული" და ნაავარიები მანქანები, თუკი ჩაითვლება, რომ საგზაო უსაფრთხოების რისკს ქმნიან, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტში ცვლილება უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება და ავტოპარკის განახლების თვალსაზრისითაც, აუცილებელია.

,,რეგლამენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის შესაძლებელია ამ ცვლილებამ დღის შუქი იხილოს. არსებული მოთხოვნები გადაიხედება. ცვლილებები უკვე სექტემბრის ბოლოს მომზადდება. ეს იქნება ევროდირექტივის ბაზაზე შექმნილი დოკუმენტი, რის შესაბამისადაც არსებული რეგლამენტი მთლიანად შეივსება, რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით", - განაცხადა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ რეგლამენტი ტაქსებისთვის ცვლილებას არ ითვალისწინებს. მათთვის პირობები უკვე შეიცვალა. ძალაში რჩება 6-თვიანი პერიოდულობა, ანუ ამ დროში უნდა გაიარონ ტექდათვალიერება.

"მანქანის მცირე გარეგნული დეფექტის შემთხვევაში, ავტომობილი არ დაიბლოკება, მაგრამ გამოსწორების ვადა მიეცემა, გააჩნია რა ტიპის დაზიანება იქნება. თუკი საგზაო მოძრაობას საფრთხეს არ შეუქმნის, ტექინსპექტირებას ჩვეულებრივ გაივლის, მაგრამ სერიოზულ დაზიანებაზე თვალს აღარ დახუჭავენ. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომ ავტოპარკის განახლება მოხდეს. რეალურად ავტომობილები ძალიან მოძველებულია, რაც ქმნის პრობლემას უსაფრთხოების კუთხით", - აღნიშნა იორდანიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ტექდათვალიერების ერთ-ერთ ძირითად პრობლემას, რომელიც მძღოლების მიერ სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ხრიკის გამოყენებას უკავშირდება, ამ მხრივ პრევენციის მიზნით ცვლილება მოსალოდნელი არ არის. უნდა ითქვას, რომ მძღოლები ხშირად მიმართავენ გაუმართლებელ მეთოდს პერიოდული ტექნიკური დათვალიერების სხვადასხვა გზით თავიდან ასარიდებლად ან უპატიოსნოდ გასავლელად. მათ წინააღმდეგ კი, როგორც სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი ამბობს, სისტემა მზად არ აღმოჩნდა.

,,კითხვებს აჩენს საწვავის ხარისხი, ჯერ ამის კვლევა უნდა დაიწყოს. გამოდის, რომ არავის იცის, როგორ საწვავს ასხამს ავზში, მაგრამ მძღოლს სთხოვენ, რომ მანქანა გამართული იყოს ტექნიკურად, რაც წარმოუდგენელია. მძღოლების მხრიდან დაუდევრობის ფაქტები უკვე მომრავლდა და რამდენად მზად არის სისტემა ასეთი ამბებისთვის, უცნობია. მაგალითად, არსებობს ასეთი მაქინაციები, რამაც კარგად მოიკიდა ფეხი. ეს არის ინსპექტირებისათვის სათადარიგო ნაწილების თხოვება ან ქირაობა. ესეც ერთგვარ ბიზნესად იქცა", - განუცხადა ,,რეზონანსს" მესხიშვილმა.

სპეციალისტები ტექდათვალიერებისას ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხად გამონაბოლქვთან დაკავშირებულ პრობლემას მიიჩნევენ.

,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ მის ორგანიზაციას პრეტენზია აქვს გამონაბოლქვთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ რჩება გამოწვევად. ფაქტია, რომ ქვეყანაში ახლაც უამრავი ავტომობილი გადაადგილდება, რომელიც მომწამვლელ აირს აფრქვევს. ამიტომ ლალიაშვილის თქმით, აუცილებელია მანქანის შიდა წვის სისტემის გამართულობაზე მოთხოვნა გამკაცრდეს, რათა მომავალში მეტი პრობლემა არ შეიქმნას.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"