„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების ახალი კანონის მიღებას მაღალი პრინციპების მიხედვით ვგეგმავთ, რომელიც გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პრობლემის პრევენციას მოახდენს,“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკური პროფილის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფაზე, ასევე, სასურსათო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე.
,,ჩვენი მუშაობის სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის.
2018 წლიდან, საქართველოში ამოქმედდა გარემოს ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიული გარემოს შეფასების ახალი პროცედურები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ, უკვე დავიწყეთ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სადაც განახლებული მიდგომებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კანონით არის გარანტირებული. ჩვენ გვაქვს ძლიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ანგარიშს, რომელიც 2014-2017 წლებს მოიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილებების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი 2021-2030 წლისთვის დამტკიცდება. იგეგმება სამრეწველო ობიექტებისთვის ინტეგრირებული სანებართვო სისტემის დანერგვა, რითაც მათ დაუდგინდებათ გაფრქვევების თანამედროვე ევროპული ნორმები.
ჩამოყალიბდება ერთიანი ეროვნული სისტემა. ასევე ვგეგმავთ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების ახალი კანონის მიღებას, მაღალი პრინციპების მიხედვით, რომელიც მოახდენს გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პრობლემის პრევენციას. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება რამდენიმე გარემოსდაცვით მიმართულებას.
უნდა აღინიშნოს, რომ წყალთან დაკავშირებით მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში სააუზო მართვის სისტემას შემოიღებს. იმედი გვაქვს, აღნიშნულ კანონპროექტს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში პარლამენტი დაამტკიცებს. ამასთან, შევქმენით ახალი ლაბორატორია, რომელიც წყალსა და ნიადაგზე მუშაობს და რომელმაც უკვე მიიღო აკრედიტაცია. ამასთანავე, ფართოვდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებზე მონიტორინგის არეალი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე.
„საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს პლასტიკის პარკების გამოყენებაზე აკრძალვა. ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიმდინარე ან მომავალ წელს იგეგმება აღნიშნული რეგულაციის დანერგვა. ახალი რეგულაციით, ჩვენ შევძელით, ქვეყანაში პლასტიკის გამოყენების შემცირება. ამან მომხმარებელში, ფაქტობრივად, ახალი ქცევა დაამკვიდრა. ცნობისათვის, საქართველოში დაახლოებით ასობით ცელოფნის პარკი მოიხმარებოდა, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი 10-15 შეადგენს. მნიშვნელოვანია, ნარჩენების პოლიტიკის მიმართულებით, ახალი რეგულაციების აღნიშვნაც. ეს არის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება, რაც უზრუნველყოფს მწარმოებლების პასუხისმგებლობის გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ იგეგმება ნარჩენების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის რეგულირების კუთხით ახალი კანონპროექტის შემუშავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.