ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ვირტუალური ზონების განვითარების კონცეფციაზე. მისი თქმით, ცვლილებები შევა საქართველოს კანონში „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“, რომელიც საინფორმაციო და ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიებს წაახალისებს.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ გახდეს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური სერვისების დარგში.
„ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გაგრძელდება სახელმწიფოს მხარდაჭერა ახალგაზრდა, პერსპექტიული ინოვატორებისთვის. საერთაშორისო დონორებთან ერთად სახელმწიფო ახორციელებს გრანტებით სტარტაპების თანადაფინანსებას საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.