ვინ მოგცათ თქვენ და თქვენს წინამორბედ ფინანსთა მინისტრებს უფლებამოსილება იმისა, რომ ტელევიზიებს 55-მილიონი ხალხის ფული მოეპარათ და არაფერი გაგეკეთებინათ?! – როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში პრივილეგია მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აქვთ, - აღნიშნული კითხვით კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ ივანე მაჭავარიანს მიმართა.
“მე თქვენ გამოგიგზავნეთ სადეპუტატო შეკითხვა “რუსთავი2“-ის, “მაესტროსა“ და “იმედის“ დღგ-ს დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ჯამურად 55 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის ბიუჯეტის თანხა, რაც რეალურად ბიუჯეტიდან არის მოპარული. თქვენგან პასუხად მივიღე, რომ ეს დავალიანება ნამდვილად არსებობს - 28 მილიონია “რუსთავი2“-ის, 20 მილიონი - “იმედის“, 5 თუ 8 მილიონია “მაესტროს“ დავალიანება. აქვე ახსნა-განმარტებას აყოლებთ, რომ თუკი დღგ-ს დავალიანება გროვდება, მისი ამოღებისთვის ფინანსთა მინისტრს ან შემოსავლების სამსახურის უფროსს აქვთ უფლებამოსილება, მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა ღონისძიებები გატარდეს.
რეალობაში ვიღებთ, რომ თუკი დღგ-ს დავალიანება მცირე და საშუალო მეწარმეს წარმოეშობა, ანგარიშზე ავტომატურად ინკასო ედება და თანხა პირველ რიგში სახელმწიფოს მიაქვს. როცა აღნიშნულ ტელევიზიებმა დღგ-ს დავალიანება დაიგროვეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგა?! მამუკა ხაზარაძეს და ბადრო ჯაფარიძეს 17 მილიონზე რომ ედავებით, მათ როგორც თავად ამბობთ, ან საკუთარ თავს მოპარეს ან ბანკს, მაგრამ მათ საბიუჯეტო თანხასთან შეხება არ ჰქონიათ. თავად ადასტურებთ, რომ ბიუჯეტიდან მოპარულია 55 მილიონი და ახლა გრაფიკის შედგენაზე საუბრობთ. დიდი ბოდიში, მაგრამ რა გრაფიკი უნდა შეადგინოთ ბიუჯეტიდან მოპარულ 55 მილიონზე?! ვინ მოგცათ თქვენ ამის უფლებამოსილება?! თუ ეს სხვა პოლიტიკური თამაშებია, რომ თუკი ტელევიზიებს ვალი დაუგროვდება, კარგია შემდეგ ამით მანიპულირება“, - მიმართა კობერიძემ ივანე მაჭავარიანს.