სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალის იმ ერთ-ერთ ეპიზოდს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მას დიდი ოდენობით უძრავი ქონებების უკანონოდ დაუფლებას ედავებიან.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, მას 2011 წლიდან თვეში 20 000 დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა და გარდა ამისა, თანხა ბინის გაყიდვის შედეგადაც მიიღო.
„ბინა გაყიდა და ფული არ ჰქონდაო? - უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).
ფული არ შეუტანია „ინტერმედიაშიო“? - უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს ჰკითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.
მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა, კი დავასაბუთე უკვე”, - წერს გვარამია.