გაზრდილი ბრუნვა და დასაქმებულთა რაოდენობა  - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

სამშენებლო სექტორში როგორც ბრუნვა, ისე დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში აღნიშული სექტორის ბრუნვა 1,87 მლრდ ლარი იყო, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 1,76 მლრდ ლარი. შესაბამისად, ზრდამ 6,3% შეადგინა. ამასთან, ბრუნვა 42%-ით გაზრდილია 2019 წლის I კვარტალთან შედარებითაც. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამშენებლო სექტორის ბრუნვა 1,31 მლრდ ლარი იყო.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ამ მიმართულებითაც იგივე ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორში 68 895 კაცი იყო დასაქმებული, 2018 წლის ანალოგიურ პეროდში კი - 68 794. ზრდა გაცილებით თვალსაჩინოა, 2019 წლის I და II კვარტლების შედარებისას. მიმდინარე წლის იავარ-მარტში 63 837 ადამინი იყო დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე კვარტალში მათი რაოდენობა 5 058 ადამიანით გაიზარდა.

ამასთან, მცირედი ზრდა ფიქსირდება შრომის ანაზღაურებაში. კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში საშულო თვიური ხელფასი 1, 784.6 ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წლის მეორე კვარტალი - 1,779.8 ლარს. რაც შეეხება 2019 წლის პირველ კვარტალს, საშნებელო სექტორში საშულო ხელფასი 1,567.3 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში საქართველოში 1 236 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, აქედან ყველაზე მეტი შენობა - 450 თბილისში აშენდა, საიდანაც 85%, ანუ 380 საცხოვრებელი სახლი იყო.

ამასთან, საცხოვრებელი შენობების შემდეგ 2019 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი - 26 ერთეული სამრეწველო და სასაწყობო შენობის მშენებლობა დასრულდა. ასევე დასრულდა 7 სავაჭრო ობიექტის, 3 ადმინისტრაციული შენობის, 3 ავტოგასამართი სადგურის, 5 სასტუმროს, 4 - კაფე-ბარი-რესტორანის და ა.შ. მშენებლობა.

რაც შეეხება 2019 წელს გაცემულ ნებართვებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სულ 4 991 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც 67,5%, ანუ 3 369 ნებართვა საცხოვრებელ შენობაზე მოდის. კონკრეტულად დედაქალაქში კი ეს მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.

2019 წლის 6 თვეში გაცემული ნებართვების ჩამონათვალი ობიექტების მიხედვით:

  • საცხოვრებელი სახლი - 1 872 ნებართვა
  • სამრეწველო და სასაწყობო შენობა - 79 ნებართვა
  • სასტუმრო - 68 ნებართვა
  • სავაჭრო ობიექტი - 64 ნებართვა
  • ადმინისტრაციული შენობა - 36 ნებართვა
  • ავტოგასამართი სადგური - 6 ნებართვა
  • სასწავლო დაწესებულება - 13 ნებართვა
  • ჯანმრთელობის დაცვის ობიექტი - 13 ნებართვა
  • კაფე-ბარი-რესტორანი - 17 ნებართვა
  • სპორტული ნაგებობა და მოედანი - 4 ნებართვა
  • ავტოსადგომი - 3 ნებართვა
  • კულტურის დაწესებულება - 5 ნებართვა
  • სკოლამდელი დაწესებულება - 1 ნებართვა
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი - 5 ნებართვა
  • სხვა - 248 ნებართვა

ამასთან, საქსტატი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში შევიდა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6%-ით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 %-ით მეტი).

ნინი ქეთელაური