"ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს"

ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებას "მუქარის წერილთან" დაკავშირებით.

"ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა 6 თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს", - აღნიშნა გახარიამ.

თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიტანელი ადვოკატის სტივენ ქეის განაცხადებით, ცნობილი მუქარის წერილის ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

ამის შესახებ სტივენ ქეიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. ეს წერილი მას გადაეცა და შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება“, - განაცხადა სტივენ ქეიმ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

თავად გიორგი გახარია კი აცხადებდა, რომ „წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება“.

გაზიარება