„პროკურატურისგან ანეკდოტები, ჩვეულებრივ მოგონილი ისტორიები მომდის, რომელიც ბუნებაში არ ყოფილა,“ - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, „პროკურატურის სისულელეს აბსოლუტური სიმშვიდით პასუხობს, რადგან მისი ცხოვრების მთავარი საქმე, რომელიც „მთავარ არხს“ უკავშირდება, უკვე დასრულებული აქვს.
„დღეს აბსოლუტურად მშვიდი და ემოციებისგან დაცლილი ვარ რამდენიმე მიზეზის გამო. უკვე იმასთან დაკავშირებული გაბრაზების გამოხატვაც არ შემიძლია, რომ კორუფცია ჩემთვის მიუღებელი და წითელი ხაზია. უკვე ამის გამოხატვაც არ შემიძლია იმიტომ, რომ პროკურატურისგან ანეკდოტები მომდის, ჩვეულებრივ მოგონილი ისტორიები, რომელიც ბუნებაში არ ყოფილა. მეუბნებიან, რომ ფული, რომელიც იყო, არ ყოფილა. მერე რა, რომ შეტანის საბუთი არსებობს, მერე რა, რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს, მაინც არ ყოფილა. რა უნდა ვუპასუხო ახლა ამას? აი, ასეთ სისულელეს როგორ უნდა ვუპასუხო? მშვიდად ვარ ასევე იმიტომ, რომ მთავარი საქმე და შესაძლოა, ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეც უკვე გავაკეთე და დავასრულე. აი, ამ მიკროფონის ირგვლივ, რაც საჭიროა ყველაფერი მზად არის, ყველაფერი გაკეთებულია და ჩემი სადმე ჩასმა, იზოლირება და ასე შემდეგ, არავითარ შედეგს აღარ გამოიღებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, პროკურატურა ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონებების უკანონოდ დაუფლებას ედავება.
ამასთან, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას გარდა, ბრალი არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილსაც წარუდგინეს.