ვახტანგ გორგასლის ქუჩის განახლების მიზნით გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გორგასალის ქუჩისა და მტკვრის სანაპიროს განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, 11 ივნისს ტენდერიც გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 000 ლარი იყო.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდიდან 300 არაგველის ხიდამდე და დაახლოებით, 9 ჰექტარს მოიცავს.
„პროექტის მიზანია გორგასალის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალი ნაწილის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სავალი ნაწილის მიწის ქვეშა გვირაბში მოთავსების ან რაიმე სხვა გადაწყვეტით; საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილი, ასევე გარემოსთან შესაბამისი მასშტაბის საბაღე -საპარკო არქიტექტურის, მცირე ობიექტების ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა. საპროექტო ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დაკავშირება საფეხმავლო ხიდით ან სხვა საშუალებით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საპროექტო არეალში დაუშვებელია არსებული ჯანსაღი ხეების მოჭრა; არსებული გამწვანებული ზედაპირის ფართობის შემცირება; ასევე ქუჩების სიგანის შემცირება სხვადასხვა კაპიტალური შენობა-ნაგებობების აშენების ხარჯზე.
ტენდერში ინტერესი 4-მა კომპანიამ გამოხატა. ეს კომპანიებია: შპს „ლურჯი სტუდია“, „ნეო-ა“, შპს „თ-არქიტექტს“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“. გამარჯვებულად შპს „თ-არქიტექტს“ გამოვლინდა, თუმცა, დარგის მოწვეულმა სპეციალისტებისა და საკონკურსო კომისიის წევრების მიერ კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია დაბალი ქულით შეფასდა დიდი მოცულობის სამუშაოების განხორციელების აუცილებლობისა და პრაქტიკული განხორციელებადობის თვალსაზრისით.
„ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციის მთავარი ინტერესი იყო ხარისხობრივად მაღალი პროექტის შესყიდვა, ის უმაღლესი კრიტერიუმი რის უფლებასაც იძლევა კანონმდებლობა მინიჭებული ჰქონდა ხარისხობრივ მაჩვენებელს (0.8), მაგრამ მონაწილის მიერ დაბალი დემპინგური ფასის წარმოდგენის გამო ქულათა სისტემაში შეყვანის შედეგად მატრიცამ გამარჯვებულად გამოავლინა შპს „თ-არქიტექტსი“. შესაბამისად, საკონკურსო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შეწყდეს ზემოაღნიშნული კონკურსი,“-აღნიშნულია კომისიის ოქმში.